სიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 124 საჯარო სკოლა
საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზები
ფრანგული ენის მასწავლებელი ნონა ბეროშვილი
ისტორიის მასწავლებელი მაია ლაზაშვილი
ფიზიკის მასწავლებელი ლუიზა ფეიქრიშვილი
ისტორიის მასწავლებელი მაია ლაზაშვილი
ფიზიკის მასწავლებელი ლუიზა ფეიქრიშვილი
თბილისი, 2018 წ
სარჩევი
1. საკვლევი საკითხის განსაზღვრა--------------------------------------------------------------3
2. ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------------------------------------------------4
3. კვლევაში გამოყენებული მეთოდები---------------------------------------------------------8
4. კვლევის ვადები---------------------------------------------------------------------------------9
5. შეგროვებულ მონაცემთა ანალიზი და დაკვნები-------------------------------------------10
6. რეკომენდაციები, ინტერვენციები და მათი შეფასება--------------------------------------13
7. რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ --------------------------------------------------14
8. დანართი 1---------------------------------------------------------------------------------------16
9. დანართი 2---------------------------------------------------------------------------------------17
10. დანართი 3--------------------------------------------------------------------------------------18
11. გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------------------------19
1.პრობლემის აღწერა, საკვლევი საკითხის განსაზღვრა
აღნიშნული კვლევა განხორციელდა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით. კვლევა დაიგეგმა და განხორციელდა მასწავლებლების ნონა ბეროშვილის, მაია ლაზაშვილის და ლუიზა ფეიქრიშვილის მიერ. ზემოაღნიშნული საკითხის საკვლევ თემად შერჩევას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა. „ნეტავ დღეს მასწავლებელმა დავალება არ მოგვცეს“-ასეთია უამრავი მოსწავლის ნატვრა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც გულმოდგინედ ასრულებენ საშინაო დავალებებს, მათ შორის Xგ კლასის მოსწავლეთა ის ნაწილი, რომლებიც კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. სწორედ ისინი უჩივიან დავალებების დიდ რაოდენობას. ამ საკითხზე უკმაყოფილება რამოდენიმე მშობელმაც გამოთქვა, რომლებიც თვლიან, რომ მოსწავლეებს სკოლის შემდეგ უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო გართობისა და დასვენებისათვის. მას შემდეგ, რაც მშობელთა ეს უკმაყოფილება ამ კლასის დამრიგებლის ნონა ბეროშვილისთვის გახდა ცნობილი, მან გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი განეხილა ამავე კლასის ფიზიკის და ისტორიის მასწავლებლებთან, რაც კვლევის ჩატარების საფუძველი გახდა.
თითეული მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საშინაო დავალების მოცულობის გაკონტროლება. ამასთან, რამდენად რელევატური იქნება ესა თუ ის დავალება შედეგისთვის და რა დრო დასჭირდებათ მოსწავლეებს მის შესასრულებლად? აი კითხვები, რაც გაგვიჩნდა მოსწავლეთა მოსმენის შემდეგ და გადავწყვიტეთ დაგვესვა ამ კლასის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის.
კვლევის მიზანი-მოსწავლეთათვის არასწორად მიცემული დავალებით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიება, ინტერვენციების გზით პრობლემის გადაჭრისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და დაკვირვება შედეგებზე. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს მოსწავლეთა მეტ ჩართულობას დავალების შესრულების პროცესში, მასწავლებელი შეამცირებს დავალებების რაოდენობას, მკაფიო და ზუსტ ინსტრუქციას მისცემს მოსწავლეს, რითაც მათი მოტივაცია და დაინტერესება დავალების შესრულებისთვის გაიზრდება და საბოლოოდ ეს ყველაფერი სწავლის ხარისხზე აისახება.
კვლევისგან მიღებული სარგებელი-აღნიშნული კვლევის განხორციელების შენდეგ გამოიკვეთება პრობლემის გადაჭრის გზები, განხორციელდება ინტერვენციები, მშობელთა ჩართულობა დავალებების მომზადების პროცესში შემცირდება, მოსწავლეები უფრო მეტად იქნებიან დამოუკიდებლები, ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან დავალებების შესრულებას, გაითვალისწინებენ მასწავლებლის ინსტრუქციას და დაელოდებიან შედეგებს, დარჩებათ უფრო მეტი თავისუფალი დრო, და ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე.
კვლევის ამოცანები-
1. ფოკუს ჯგუფის შექმნა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
2. მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეების გამოკითხვა
3. მონაცემთა ანალიზი
4. შედეგების საფუძველზე დასკვნების გაკეთება და ინტერვენცია
საკვანძო სიტყვები:
სკოლა, საშინაო დავალება, მასწავლებელი
2. ლიტერატურის მიმოხილვა
საშინაო დავალების რაოდენობა, მისი შესრულების ხარისხი, მისი წილი და გავლენა მიღებულ ცოდნაზე, მის შესრულებაზე დახარჯული დრო ყოველთვის იყო მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ინტერესის საგანი. ზოგიერთი თვლის, რომ საშინაო დავალებას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი, რადგან მისი შესრულება დაკავშირებულია სტრესთან და დაძაბულობასთან. რიგ შემთხვევებში მოსწავლეები ვერ ახერხებენ დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას, რაც იწვევს კონფლიქტს მშობლებთან. ამას მოყვება დავალებების გადაწერა სხვა მოსწავლისგან და ისინი გადაწერილ დავალებაში იღებენ ქულას, რასაც არაფერი აქვს საერთო მიღებულ ცოდნასთან. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში მასწავლებელს არ აქვს დრო, ისე შეასწორს დავალება, როგორც საჭიროა, რადგან ის მეტისმეტად დაკავებულია გაკვეთილების დაგეგმვით და სასავლო რესურსების მოძიებით, შედეგად კი კლასი იღებს უხარისხოდ შემოწმებულ დავალებას, მასწავლებელი კი ახალი გაკვეთილის ახსნას იწყებს.
ზოგიერთს სჯერა, რომ საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს დამოუკიდებლად ფიქრის, პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაში ეხმარება. მისი შესრულება მოსწავლეს პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად დროის სწორად განაწილების უნარსაც უნვითარებს. ამასთან, საშინაო დავალება ერთგვარად აახლოვებს მასწავლებელს და მოსწავლეს, თუკი ისინი ერთად ასწორებენ და განიხილავენ შესრულებულ დავალებას. ასევე, საშინაო დავალება მშობლებს აძლევს საშუალებას, უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ბავშვის განვითარებაში, გააკონტროლონ შვილის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მას. (საგანმანათლებლო ინტერნეტ პორტალი-edu.aris.ge-„საჭიროა თუ არა საშინაო დავალება?“-12/09/2014)
საზოგადოებრივი პორტალი intermedia.ge (21 მარტი, 2016) სათაურით- „საშინაო დავალება ბავშვისთვის საზიანოა!-გასაოცარი სიახლე, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს“ საინტერესო შინაარსის სტატიას აქვეყნებს. სტატია ემყარება დიუკის უნივერსიტეტის პროფესორ ჰარის კუპერის განცხადებას-„ჩვენ ვერ შევძელით დადასტურება იმისა, რომ საშინაო დავალება ბავშვებს სკოლაში უკეთ სწავლაში ეხმარება“. ამ განცხადების საფუძველი გახდა ის 180 კვლევა, რომელიც პროფესორმა კუპერმა ამ თემას მიუძღვნა. ამ განცხადებამ გააოცა როგორც საშინაო დავალების მომხრე პედაგოგები, ასევე მათი მოწინააღმდეგეები. ამ სტატიის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სკოლაში მეცადინეობისას უკეთ ითვისებენ მასალას და სახლში მიცემული დავალება მხოლოდ უძვირფასეს დროს ართმევს მოსწავლეს და არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის დავალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაქვს სარგებელი, თუ მის შესასრულებლად მოსწავლე მაქსიმუმ 1,5 საათს ხარჯავს. მხოლოდ დოზირებული დავალების შესრულებაა ეფექტური, სხვა შემთხვევაში ის მოსწავლეს სკოლის წინააღმდეგ განაწყობს და ბავშვებს 12 წელი ნამდვილ „კატორღად“ ეჩვენებათ.
საშინაო დავალების შესრულება მოსწავლის პრაქტიკულ მეცადინეობას უკავშირდება. ის აიძულებს მოსწავლეს, შინაც კი არ შეწყვიტოს სასწავლო პროცესი. გაკვეთილზე მასალის ხანმოკლე დამახსოვრება ხდება, ხოლო ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანას გარკვეული სახის სამუშაო სჭირდება. ამ როლს ასრულებს საშინაო დავალება. სასკოლო პრაქტიკაში იყენებენ საშინაო დავალების შემდეგ სახეებს: ინდივიდუალურს, ჯგუფურს, შემოქმედებითს, დავალებას მთელი კლასისთვის და ა. შ. ინდივიდუალური დავალება გულისხმობს თითეული მოსწავლის ცოდნასა და შესაძლებლობაზე მორგებულ დავალებას. საერთო დავალება მთელი კლასისთვის ნაკლებად შემოქმედებით ხასითს ატარებს, თუმცა მისი შესრულების დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარები და ხდება ცოდნის ფორმირება.
მოსწავლეები უფრო სახალისოდ წყვილებში მიცემულ დავალებას ასრულებენ, თანაც თუ ეს დავალება შემოქმედებითი ხასიათისაა. დავალების შერჩევისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოზარდის უნარი და ინტერესები.შესრულებული სამუშაო შესაბამისად უნდა შეფასდეს. ყოველ ახალ დავალებას ახალ ნიშნულზე უნდა აჰყავდეს მოსწავლე. თუ საშინაო დავალება მხოლოდ იმის გამეორებაა, რაც მოსწავლემ კარგად იცის, ეს მისთვის დროის ფუჭი ხარჯვა იქნება.
ამ და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა დავალებების ისეთ ინოვაციურ სახეობებს უნდა მიმართოს, როგორიცაა პროექტი-დავალება ან ისეთი სახის საშინაო დავალება, რომელიც ლაბორატორიულ დაკვირვებას ან ექსპერიმენტს ითვალისწინებს.
საშინაო დავალება შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათის: დიაგნოსტიკური, ინტეგრირებული, რეფლექსიური, აღმზრდელობითი, კვლევითი და ა. შ., მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს საშინაო დავალება, მათი შესრულებისას აუცილებელი კომპონენტია კონტროლი და თვითკონტროლი. თვითშეფასებისთვის მოსწავლემ აუცილებლად უნდა გამოყოს დავალებაში ის საკითხები, რაც ვერ შეასრულა, დარჩა დაუსრულებელი(ნაწილობრივ შეასრულა) და რის შესრულებაც გაუჭირდება მეორედ ამავე ტიპის დავალების დამოუკიდებლად შესრულებისას. (მაია ფირჩხაძე-„საშინაო დავალება და პრაქტიკა-სასწავლო პროცესის ორი მნიშვნელოვანი მეთოდი“-15 მარტი, 2013)
ახლა კი გადავხედოთ სხვა ქვეყნების მაგალითებს, სადაც განათლების სისტემა უფრო აწყობილია და სწავლის შედეგიც მაღალი. საშინაო დავალება მრავალ ქვეყანაში სწავლების სავალდებულო ნაწილია და მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობა. ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდირებული საათები. საფრანგეთში დამკვიდრებული იყო კვირაში ოთხდღიანი სასწავლო კვირა. ახალი სტრატეგიით გაუქმდა საშინაო დავალება, თუმცა კვირაში ხუთი სასწავლო დღეა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მოსწავლეთა უთანასწორო მდგომარეობა სახლში სამუშაო პირობებისა თუ მშობელთა დახმარების თვალსაზრისით. ამდენად, საფრანგეთში, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, მოსწავლეები დავალებას სკოლაში ასრულებენ.
გერმანიაში პირველივე დღიდან აძლევენ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, იაპონიაში მოსწავლეებს დავალება ყოველდღე აქვთ შესასრულებელი, არდადეგებზეც კი.
იმისთვის, რომ დავალება უფრო ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია სკოლამ დაარეგულიროს საშინაო დავალების ტიპები და მოცულობა, რადგან დიდი მოცულობის დავალება უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე. რეკომენდირებულია, რომ საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს ყველა საგანში ერთად.(თეო ნეფარიძე-„საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე“, 20 ივნისი, 2014)
საინტერესო შინაარსის სტატიას აქვეყნებს ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ სათაურით-„საშინაო დავალება დასჯა არ არის-რეკომენდაციები მშობლებსა და ნასწავლებლებს“(ავტორი-ნანა ლონიძე).
ამ სტატიის ავტორი გვარწმუნებს, რომ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განმტკიცებისთვის აუცილებელია მოსწავლემ შეასრულოს საშინაო დავალება.
მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება ასაკის შესაბამისად და გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს თავისუფალი დრო თამაშისა და დასვენებისათვის.
რა ხდება მასწავლებლის მხარეს? ზოგიერთი მასწავლებელი, კლასში თუ ვერ მოასწრებს სავარჯიშოებს, სახლში აძლევს მათ მოსწავლეს, იმას კი არ ითვალისწინებს, ყველა რომ ასე მოიქცეს, რამდენი დავალება დაუგროვდება მოსწავლეს. ამის შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსწავლები მეორე დღეს კლასში იწერენ საშინაო დავალებას, უქვეითდებათ მოტივაცია, გული უცრუვდებათ სწავლაზე.
ფსიქოლოგები გვაწვდიან რჩევებს, რომლებიც მოსწავლეს დავალების შესრულებისას დაეხმარება.
მოსწავლეს, პირველ რიგში, უნდა გამოვუმუშაოთ გაკვეთილისადმი, როგორც მნიშვნელოვანი საქმისადმი მიდგომა. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მას პასუხისმგებლობის და ვალდებულების გრძნობა შეასრულოს საშინაო დავალება. ნელ-ნელა ეს პროცესი სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.
დავალებების შესრულება უნდა დაიწყოს მარტივიდან, რადგან რთული დავალების შესრულებას დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად თვლის , თვითშეფასება ეცემა და შესაძლოა მოსწავლეს თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა.
საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლემ ხშირად უნდა დაისვენოს, ჰქონდეს მოძრაობის საშუალება, უფროსებსაც კი გვჭირდება შესვენება და ბავშვისთვის ეს მიტუმეტეს აუცილებელია!
საშინაო დავალების შესრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო სივრცის ორგანიზებას! შუქი სამუშაო ადგილს მარცხნიდან უნდა ეცემოდეს, ოთახში დავალებების შესრულებისს უნდა იყოს სიწყნარე, რადგან ხმაური ყურადღებას ადუნებს დ ხელს უშლის მოსწავლეს კონცენტრირებაში.
ზოგჯერ მოსწავლე დავალების შესრულებისას დახმარება სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ დავალება მასთან ერთად შესრულდეს და არა მის მაგივრად!
დავალების შესრულებისას მოსწავლე ხშირ შექებას საჭიროებს-ეს მატებს მას რწმენას და მიზნის მიღწევაში ეხმარება. ეპითეტები: ზარმაცი, უყურადღებო და ა. შ. უარყოფითად აისახება დავალების შესრულებაზე. იმისთვის, რომ დავალება ეფექტური იყოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს დავალების რაოდენობა. არ არის აუცილებელი ყოველდღე დავალების მიცემა, მით უმეტეს, თუ შესრულებული დავალების შემოწმება ვერ მოხერხდება. შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეები ჩართულები იქნებიან დავალების შერჩევის და შეფასების პროცესში.
საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისთვის გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრეალიზაციის მოთხოვნა და ა. შ., რაც დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს.
ჯილდო და შექება, რაც მოსწავლემ კონკრეტული დავალების შესრულებისთვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა. შ., არამედ შენ ე დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც მე გთხოვდით.
მასწავლებელს დიდი ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე. თუ მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და მოტივირებული, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს. შექება ამაღლებს მოსწავლის თვითშეფასების უნარს.
დავალებების მიცემა გაკვეთილის ყველაზე რთული ნაწილია არა იმიტომ, რომ მოსწავლეებს დავალებები არ უყვართ. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის მსგავსიც მათ კლასში უკვე შეასრულეს. დავალება ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლეს ერთი სული ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაშიიქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას, რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი ინფორმაცია, გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში ეს შეიძლება პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.
განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით დაეხმაროს შვილს.
3. კვლევაში გამოყენებული მეთოდები
კვლევის პროცესში გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევის მეთოდები-გამოკითხვა, უშუალო დაკვირვება, ანკეტირება.
კვლევისათვის საჭირო მონაცემთა შეგროვებისთვის გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები:
- გამოკითხვა-ეს მეთოდი გამოვიყენეთ, რათა გაგვეგო მოსწავლეთა აზრი შემდეგ კითხვებზე: რაში ეხმარება და რა სირთულეებს უქმნის მოსწავლეებს ყოველდღიური დავალებების შესრულება? რა შემთხვევაში დაეხმარება მათ დავალების შესრულება სწავლის შედეგის გაუმჯობესებაში?
- ანკეტირება-კითხვარები მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის-ანონიმურად მიღებული პასუხები უფრო გულწრფელი იქნება, რაც პასუხების სანდოობას გაზრდის
- მონაცემთა ანალიზი-მონაცემთა დამუშავება და დასკვნების გამოტანა
შერჩევა-სრული, რადგანაც ზემოაღნიშნული პრობლემა ეხება ყველა მოსწავლეს და ყველა პედაგოგს, ყველას აზრი გასათვალისწინებელია.
კლასის 29 მოსწავლიდან კითხვარი შეავსო 25 მოსწავლემ, დანარჩენებმა უარი განაცხადეს შევსებაზე. კითხვარი შეავსო ყველა მასწავლებელმა და 21 მშობელმა.
- კვლევის ვადები
აქტივობა
|
იანვარი/თებერვალი
|
თებერვალი/მარტი
|
მარტი/აპრილი
|
მაისი/ივნისი
|
პრობლემის შერჩევა
|
√
| |||
ლიტერატურის მიმოხილვა-გეგმის შემუშავება
|
√
| |||
მოსწავლეთა გამოკითხვა
|
√
| |||
კითხვარების შედგენა
|
√
| |||
ანკეტირება
|
√
| |||
მონაცემთა ანალიზი
|
√
| |||
ინტერვენციების განხორციელება
|
√
| |||
შედეგების ანალიზი
|
√
| |||
პრეზენტაცია
|
√
|
- შეგროვებულ მონაცემთა ანალიზი
მოსწავლეების გამოკითხვამ საშუალება მოგვცა გაგვეგო მათი დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. გაირკვა, რომ მოსწავლეები უჩივიან დიდი დოზით მიცემულ დავალებ
ბს, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში.
შეგროვებული მონაცემების ანალიზმა საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა დასკვნები პრობლემის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით:
- დავალების შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს დავალების სირთულე-ის უნდა იყოს მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისი
- დროის ფაქტორი-მოსწავლეებს დავალების შესრულების შემდეგ უნდა დარჩეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის
- დავალებას უნდა ახლდეს ინსტრუქცია-მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული ინსტრუქცია დავალების კარგად შესრულების ერთ- ერთი წინაპრობაა
- მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეასწოროს დავალება-ამ მოლოდინის გარეშე მოსწავლის ინტერესი და მოტივაცია რეგულარულად და სწორად შეასრულოს დავალება მოიკლებს ან გაქრება.
კითხვარების ანალიზმა აჩვენა, რომ მშობლების 67% თვლის, რომ მათი შვილები საჭიროზე მეტ დროს უთმობენ დავალების შესრულებას, ხოლო 23% თვლის, რომ მათი შვილები ხშირად არ ასრულებენ დავალებებს სახლში, 10% აცხადებს, რომ მათი შვილები მცირე დროში ასრულებენ დავალებას. მშობლების 30 % თვლის, რომ მათი შვილები ხალისით ასრულებენ საშინაო დავალებებს, ხოლო 70% თვლის, რომ ეს არასოდეს ხდება და მათი შვილები დავალებას უხალისოდ, ან საერთოდ არ ასრულებენ. კითხვაზე საჭიროებენ თუ არა მათი შვილები დახმარებას დავალების შესრულებისას, 25% პასუხობს, რომ კი, ხოლო 75%პასუხობს, რომ არა. (დანართი 1)
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად კითხვაზე- რა სირთულეებს
აწყდებიან საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლეთა 50% თვლის, რომ უჭირს დამოუკიდებლად დავალების შესრულება, ხოლო 50%თვლის, რომ არანაირი სირთულე არ არსებობს მათთვის.
კითხვაზე გვიან ვიძინებ...
ა) ბევრი დავალების გამო
ბ) დროის არასწორი განაწილების გამო
გ) ტელეგადაცემების გამო-მოსწავლეთა 40 % პასუხობს, რომ მათი გვიან დაზინების მიზეზი ბევრი დავალებებია, 25% თვლის, რომ დროს არასწორად ანაწილებს, ხოლო 35% ამის მიზეზად ტელევიზორს ან კომპიუტერს ასახელებს.
კითხვაზე-„რა დოზით და რა სახის დავალებები უნდა მიეცეს ბავშვს ?“
მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ დავალებები უნდა უყოს დოზირებული, მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო, რასაც სურვილისამებრ დახარჯავენ და დავალებები უნდა იყოს შემოქმედებითი სახის და სახალისო.(დანართი 2)
რაც შეეხება პედაგოგებს, მათი გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, რა ღირებულება აქვს მათთვის საშინაო დავალებას, ხალისით ასრულებენ თუ არა მოსწავლეები მათ მიერ მიცემულ დავალებებს. გამოკითხვაში 10 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა 80% უხალისოდ ასრულებს დავალებას, მასწავლებელთა 20% არ იძლევა ინსტრუქციას დავალების შესრულებასთან დაკავშირებით. მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებას ასწორებს მასწავლებელთა 60%, არ ასწორებს 40 %.(დანართი 3)
საერთო ანალიზმა საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა დასკვნები: მოსწავლეები უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებებს, ურთულდებათ დავალების შესრულება, მის შესრულებაზე დიდ დროს ხარჯავენ, მასწავლებლები სისტემატიურად არ ასწორებენ მიცემულ დავალებებს, რის გამოც მოსწავლეთა მოტივაცია კლებულობს და ისინი უხარისხოდ ასრულებენ დავალებებს.
- რეკომენდაციები, ინტერვენციები და მათი შეფასება
რეკომენდაციები მასწავლებლებს:
1. მასწავლებლებმა საშინაო დავალების მიცემის დროს გასცეს შესაბამისი ინსტრუქცია და დროულად და სრულყოფილად შეამოწმოს საშინაო დავალება.
2. საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს დავალების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რათა მიაღწიოს შედეგს. ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს, უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე, რომ საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
ინტერვენციის შეფასება
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ Xგ კლასში შემსვლელ მასწავლებლებს გავაცანით კვლევის შედეგები, ვისაუბრეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, კერძოდ, თუკი მასწავლებელი ვერ ახერხებს დავალების შემოწმებას, არ მისცემს მოსწავლეს დავალებას სახლში შესასრულებლად. საშინაო დავალება იქნება დოზირებული და მოსწავლის შესაძლებლობებზე გათვლილი, ამასთან , ზოგ შემთხვევაში დიფერენცირებული. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. მოსწავლეთა ნაწილი აღარ უჩივის თავისუფალი დროის უქონლობას, ნაწილმა კი დაიწყო დავალებების სახლში შესრულება. მინიმუმამდე შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც საშინაო დავალებას სკოლაში იწერდა.
პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება მათ დაეხმარა საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. გატარებული ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელეთ ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავესწარით Xგ კლასში გაკვეთილებს). აღმოჩდა, რომ მასწავლებლების მიერ დოზირებულად მიცემული საშინაო დავალება და მიცემული ზუსტი უკუკავშირი უზრუნველყოფდა მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას დავალებების შესრულების მიმართ.
ჩავატარეთ ინტერვენცია მოსწავლეებს შორის. ხელახალმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ისინი ნაკლებ პრეტენზიებს გამოთქვამენ დავალებების რაოდენობასთან დაკავშირებით. ამასთან, მშობელთა უკმაყოფილებამ, რომ მათი შვილები დავალებების შესრულებას დიდ დროს ანდომებდნენ, საგრძნობლად იკლო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა – რა სახის საშინაო დავალებები უნდა მივცეთ მოსწავლეს მოტივაციის გაზრდისთვის?
- რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ
მოგეხსენებათ, რომ საკვლვი თემა-„საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“-აქტუალურია და კოლეგებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მით უფრო, Xგ კლასში შემსვლელ მასწავლებლებში, რადგან ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ გამოკითხვაში და იმთავითვე დაინტერესებულები იყვნენ კვლევის შედეგებით.
აღნიშნული კვლევა განხირციელდა სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებლის მიერ: ფრანგული ენა(კლასის დამრიგებელი)-ნონა ბეროშვილი, ისტორია-მაია ლაზაშვილი და ფიზიკა-ლუიზა ფეიქრიშვილი. ჩვენთვის, სამივესთვის გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ საუკეთესო მოსწავლეებიც კი უჩიოდნენ დავალებების დიდ რაოდენობას, უმეტესობა კი „გადაწერით“ იყო დაკავებული. ზოგადად, საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლეთა ჩართულობა ერთ-ერთი მტკივნეული თემაა სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა ნეგატიურადაა მის მიმართ განწყობილი, რაც ხელს უშლის შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას.
კვლევაზე მუშაობა იყო შემოქმედებითი, საინტერესო და პროდუქტიული. ამის მიზეზი, გარდა საინტერესო საკვლევი თემისა, მდგომარეობდა კოლეგების გვერდში დგომასა და დაინტერესებაში და, რაც მთავარია, კვლევის განმახორციელებელი მასწავლებლების გუნდურ მუშაობასა და თემის სარგებლიანობაში.
კვლევა მიმზიდველი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ გავეცანი ამ საკითხზე შემნილ ლიტერატურას და წერილებს. ამან საშუალება მომცა, სხვა ქვეყნების კოლეგების გამოცდილებაც გამეაზრებინა. ლიტერატურის მიმოხილვა დაწვრილებითაა წარმოდგენილი კვლევის ანგარიშში.
მე, როგორც დამრიგებელს, არ გამჭირვებია არაფორმალურ გარემოში შეხვედრების საშუალებით, სადაც გულახდილობის ხარისხი მაღალია, მოსწავლეთა აზრი მომესმინა და გამოიკვეთა ის შეკითხვები, რომლებიც ანკეტებში გამოვიყენეთ. უფრო მეტი სანდოობისთვის კი ანკეტები ანონიმური იყო.
ამასთან, საკუთარ გაკვეთილებზე დაკვირვების შემდეგ თამამად შემიძლია დავასკვნა, რომ დავალების შესრულება არ არის მოსაბეზრებელი მოსწავლისთვის, თუ ის მისთვის საინტერესოა, შეუძლია დამოუკიდებლად შესრულება შემოქმედებითობას მოითხოვს. უცხო ენაში კი ისეთი საშინაო დავალებები, შემოქმედებითობას რომ მოითხოვს, განსაკუთრებით სწავლების ზედა საფეხურზე, განსაკუთრებით ეფექტურია და ორიენტირებულია შედეგზე. თანაც, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დავალების შესრულების საიდუმლო სულაც არ არის მის რაოდენობაში, არამედ შინაარსში.
შედეგების წარდგენისას აღარ დამჭირვებია საკითხის აქტუალობის მტკიცება, მხოლოდ კვლევის შედეგები, ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები წარვადგინე. კვლევაში წარმოდგენილმა გრაფიკებმა პედაგოგებისთვის ადვილად აღსაქმელი გახადა გამოკითხვების შედეგები. მათში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგებმა-ისინი განსაკუთრებით გულწრფელები იყვნენ პასუხების დაფიქსირებისას და უფრო მეტიც, პრებლემის გადაჭრის გზებსაც კი გვთავაზობდნენ.
კოლეგებისგან მიღებული უკუკავშირი იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. მათი ის ნაწილი, რომელიც Xგ კლასს ტექნიკურ საგნებს ასწავლის, თვლის, რომ მნიშვნელოვანია წერითი საშინაო დავალების როლი სწავლის შედეგის გაუმჯობესებისათვის, ისინი პრინციპულად არ იზიარებდნენ მოსწავლეების აზრს საშინაო დავალების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით. თუმცა, რეკომენდაციებმა და ინტერვენციის შედეგად მიღებულმა შედეგებმა ისინი დაარწმუნა, რომ უმჯობესია დავალების მოცულობის შემცირება, თუკი ეს გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საშინაო დავალების შესრულების პროცესში.
ამ მაგალითით ცხადი ხდება, რომ თუკი კვლევაში წარმოდგენილ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, მოკლე დროში და ეფექტურად მოვაგვარებთ იმ პრობლემას, რასაც დავალების შეუსრულებლობა ან სკოლაში ერთმანეთისგან გადაწერა ჰქვია.
ამრიგად, უკუკავშირი ჩემთვის საინტერესო და ეფექტური გამოდგა, დამაფიქრა იმაზე, რომ ამ საკითხზე მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს , მისი მოგვარების გზები ამოუწურავია და გარდა დავალების მოცულობის შემცირებისა, უამრავი ხერხის მოფიქრებაა შესაძლებელი, მოსწავლისთვის დავალების შესრულება რომ გავხადოთ საინტერესო და სახალისო.
მინდა აღვნიშნო, რომ კვლევის გაზიარება კოლეგებთან იქცა გულახდილ საუბრად აქ წარმოდგენილ პრობლემაზე. მადლობელი ვარ კოლეგების იმ თანადგომისთვის და დახმარებისთვის, რაც მათგან მივიღე.
დანართები:
8. დანართი 1 – კითხვარი X გ კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
o მდედრობითი
o მამრობითი
2. რამდენად აკონტროლებთ, ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებებს?
o სრულად ვაკონტროლებ
o ზოგჯერ ვაკონტროლებ
o არ ვაკონტროლებ
3.საჭიროებს თუ არა თქვენი შვილი თქვენს დახმარებას დავალებების შესრულებისას? რა არის, თქვენი აზრით, ამის მიზეზი?
o დიახ
o არა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას?
o დიახ
o არა
5. ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას?
o დიახ
o არა
თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით და რა სახის დავალებები უნდა მიეცეს ბავშვს?“
9. დანართი2 – ანკეტა Xგ კლასის მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მოსწავლისის მონაწილეობაძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაციაანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა) ოჯახი ბ) დედა გ) მე
2. გვიან ვიძინებ...
ა) ბევრი დავალების გამო
ბ) დროის არასწორი განაწილების გამო
გ) ტელეგადაცემების გამო
3.საშინაო დავალებებს...
ა) ვერ ვასრულებ მშობლების დახმარების გარეშე
ბ) ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად
გ) მჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. მშობლები დავალებებს ახლიდან მიხსნიან იმიტომ, რომ...
ა) მასწავლებელი ზოგჯერ არ გვამუშავებს მსგავს სავარჯიშოებზე
ბ) ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ვზივარ
გ) დავალება რთულია და მიჭირს გააზრება
დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მჭირდება
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ჩემს დავალებებში?
ა) გადადოს ყველა საქმე, მომიჯდეს და თვალყური ადევნოს ჩემი დავალებისმომზადებას
ბ) რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
გ) უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
6. რა სახის დავალებების შესრულება მიხარია ყველაზე მეტად?
ა) წერითი დავალებების;
ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა)
გ) კომპიუტერით შესასრელებელი დავალებების
7. რა საგანში გიჭირთ ყველაზე მეტად დავალებების შესრულება და რატომ?
8. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით და რა სახის დავალებები უნდა მიეცეს ბავშვს ?“
10. დანართი 3 – ანკეტა Xგ კლასის მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. გთხოვთ, გულწრფელად გამოხატოთ თქვენი აზრი:
1. ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას? რატომ?
1. არასოდეს ვასწორებ
2. ყოველთვის ვასწორებ
3. ზოგჯერ ვასწორებ
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენს მიერ მიცემულ დავალებებს? რატომ?
1. დიახ
2. არა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. საშინაო დავალების მიცემის დროს აძლევთ თუ არა მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას? რატომ?
1. არასოდეს ვაძლევ ინსტრუქციას
2. ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას
3. ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიცემული დავალება:
1. ზომიერია
2. დიდი მოცულობისაა
3. მცირე მოცულობისაა
5. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
11. გამოყენებული ლიტერატურა
- მაია ფირჩხაძე-„საშინაო დავალება და პრაქტიკა-სასწავლო პროცესის ორი მნიშვნელოვანი მეთოდი“-ინტერნეტგაზეთი ”mastsavlebeli.ge”-15/03/2013
- თეო ნეფარიძე-„საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე“ -ინტერნეტგაზეთი ”mastsavlebeli.ge”-20/06/2014
- საგანმანათლებლო ინტერნეტ პორტალი-edu.aris.ge-„საჭიროა თუ არა საშინაო დავალება?“-12/09/2014
- საზოგადოებრივი პორტალი- intermedia.ge- (21 მარტი, 2016) „საშინაო დავალება ბავშვისთვის საზიანოა!-გასაოცარი სიახლე, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს“
http://intermedia.ge/სტატია/72553-საშინაო-დავალება-ბავშვებისთვის-საზიანოა-გასაოცარი-სიახლე-რომელიც-მოსწა/86/user:natia.a:show:channel
- ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-„საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს)“-ნანა ლომიძე, 4 თებერვალი, 2015
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire